დნიპროპეტროვსკის ოლქში 425-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის „სკალას“ მებრძოლებმა გაათავისუფლეს ექვსი დასახლებული პუნქტი: ტერნოვო, ზაპოროჟსკოე, ნოვოგეორგიევკა, ვორონე, სიჩნევოე და მალიევკა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვედანაყოფზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით, წინსვლის სიღრმემ 25 კილომეტრს მიაღწია.
სამხედროების ცნობით, შეტევის დროს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიადგა რუსეთის 120-ე საზღვაო ქვეითთა დივიზიას და 68-ე არმიის კორპუსის ქვედანაყოფებს.
„ათობით მოიერიშე ჯგუფმა ერთდროულად დაიწყო გადაადგილება ველიკომიხაილოვკის რაიონიდან აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებით. შეტევითი მოქმედებები მუდმივი საჰაერო მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ჩვენი ქვედანაყოფების წინსვლის მარშრუტებზე მტრის პოზიციები მთელი დღე-ღამის განმავლობაში ნადგურდებოდა. სისტემატურად მიმდინარეობდა სამუშაოები მტრის დრონების ოპერატორების გამოვლენისა და განადგურების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ტემიროვკაში განადგურდა რუსეთის 656-ე მოტომსროლელი პოლკის პირადი შემადგენლობის განთავსების ადგილები. მათი თქმით, ამ დასახლებულ პუნქტზე გადის მოწინააღმდეგისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტი.
სამხედროების განცხადებით, „სკალას“ ქვედანაყოფების წინსვლამ შესაძლებელი გახადა აღნიშნული ტერიტორიის საცეცხლე კონტროლში მოქცევა და დრონების მოქმედების რადიუსის გაზრდა.
„ოპერაციის შედეგად გათავისუფლდა 120 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და იძულებულია, დნიპროპეტროვსკის ოლქიდან უკან დაიხიოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.