უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის, რომ 12 თვის განმავლობაში უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ერთობლივი ანტიბალისტიკური ფარი - სახელწოდებით FREYJA რეალობად იქცევა. ამის შესახებ მან პარიზში გამართული ანტიბალისტიკური კოალიციის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ევროპას ბალისტიკური რაკეტებისგან უფრო ძლიერი დაცვა სჭირდება. ერთად ჩვენ შეგვიძლია ასეთი სისტემის შექმნა. უკრაინა მზად არის, პროექტში საკუთარი წვლილი შეიტანოს - უზრუნველყოს ანტიბალისტიკური რაკეტის შექმნა. ამჟამად მის შექმნაზე მუშაობას ვასრულებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ დონეზე დაფიქსირდეს, რომ FREYJA არის ერთობლივი პროექტი, რომელიც მთელი ევროპის ინტერესებს ემსახურება.
მისი შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა შესაძლოა ისტორიული გახდეს.
„ევროპას მეტი სარაკეტო თავდაცვის საშუალება სჭირდება - ძლიერი, საიმედო და სხვა სისტემებზე უფრო იაფი. ერთად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ასეთი სისტემა და მისთვის ჩამჭრელი რაკეტები. მას FREYJA ერქმევა და მადლიერი ვარ, რომ ეს სამუშაო უკვე დაიწყო“, - დასძინა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური კოალიციის სხდომაში მონაწილეობენ ევროპის ის ქვეყნები, რომლებსაც ასეთი ანტიბალისტიკური იარაღის წარმოების შესაძლებლობები აქვთ.
ეს ქვეყნებია: უკრაინა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ნიდერლანდები, ასევე ნატო-ს ხელმძღვანელობა და ევროკავშირი.
„ჩვენ ასევე მოხარული ვიქნებით, თუ სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც უკრაინა ანტიბალისტიკურ სისტემაზე მუშაობას დაასრულებს, სხვა ქვეყნებს შეეძლებათ, უზრუნველყონ რადარებითა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტებით მხარდაჭერა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკანასკნელ ფსონს დებს ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმებზე, რათა უკრაინელების წინააღმდეგობის გატეხვა და უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების შეზღუდვა შეძლოს.
მისი თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობამ ჩრდილოეთკორეული რაკეტების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. ანალოგიურად მოქმედებს, მისი განცხადებით, ირანის რეჟიმიც.
„ჩვენი გათვლით, მსოფლიოში ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა გაიზრდება. ამიტომ ანტიბალისტიკური სისტემებიც საკმარისი რაოდენობით უნდა არსებობდეს. ევროპა შეიძლება გახდეს მაღალი ხარისხის ანტიბალისტიკური სისტემების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი, პოლიტიკური დამოკიდებულების გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან განმარტა, რომ ევროპელები თავად შეძლებენ გადაწყვიტონ, რამდენი სისტემა სჭირდება ევროპას და სად უნდა განთავსდეს ისინი.
„ეს სტრატეგიულად ახალ ვითარებას შექმნის. თითოეული ევროპული სისტემა გააძლიერებს საერთო შესაძლებლობებს და ევროპის სხვადასხვა ნაწილს თავდაცვისთვის სტრატეგიულ საფუძველს შეუქმნის...
იმედი მაქვს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში FREYJA-ს მოქმედებაში ვიხილავთ. მსოფლიოში ბალისტიკური რაკეტების საფრთხე მხოლოდ გაიზრდება. ეს რუსეთისა და ირანის ომების ერთ-ერთი მთავარი შედეგია. ამიტომ FREYJA რეალობად უნდა იქცეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.