საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა თანამშრომლობის ხარისხი თავად საპარლამენტო ასამბლეის მომავალ საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული.
ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავ ჯო უილსონის დონეზე თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ. ეს იქნება პრინციპული მნიშვნელობის საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.
ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.