ევროპის დასავლეთ ნაწილში ივნისის ბოლოს დაფიქსირებული რეკორდული სიცხის შედეგად 10 650 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ Reuters-ი, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. EuroMOMO-ს საქმიანობას მხარს უჭერენ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
ცნობილია, რომ გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობა - 9 ათასზე მეტი ადამიანი, 65 წლის და უფროსი ასაკის იყო.
დანიის სახელმწიფო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ექიმის, ლასე ვესტერგორის განცხადებით, რომელიც EuroMOMO-ს კონფერენციაზე იმყოფებოდა, წლის ამ პერიოდისთვის სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი უჩვეულოდ მაღალია.
„წლის ამ დროს ასეთი რაოდენობის გარდაცვალება უჩვეულოა. ეს ნამდვილად ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სიკვდილიანობის ასეთი დონის სხვა რამით ახსნა რთულია, გარდა ექსტრემალური სიცხისა,“ - განუცხადა მედიას ლასე ვესტერგორმა.
მეცნიერების განცხადებით, მსგავსი სიცხის ტალღა ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე „თითქმის შეუძლებელი“ იქნებოდა. გლობალური დათბობის გამო, ასეთი ექსტრემალური სიცხის პერიოდები სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება.
თუმცა,როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპის 27 ქვეყნის სიკვდილიანობის ეროვნული სტატისტიკის საფუძველზე შეგროვებული მონაცემები მოიცავს ყველა მიზეზით გამოწვეულ გარდაცვალებას და არა მხოლოდ სიცხესთან დაკავშირებულ შემთხვევებს. მონაცემები ეხება 22-28 ივნისის პერიოდს - იმ კვირას, როდესაც სიცხის ტალღამ პიკს მიაღწია საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.
ამასთან, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობდა სხვა ცნობილი მნიშვნელოვანი ფაქტორები, მაგალითად, COVID-19-ის ახალი აფეთქებები, რომლებიც ამ კვირაში ჭარბი სიკვდილიანობის მკვეთრ ზრდას ახსნიდა.
აღინიშნება, რომ EuroMOMO ცალკეული ქვეყნების მიხედვით მაღალი სიკვდილიანობის მონაცემებს არ აქვეყნებს, თუმცა ქსელის სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთი და ბელგია ევროპის ერთადერთი ორი ქვეყანა იყო, სადაც ივნისის ბოლო კვირაში „ძალიან მაღალი“ ჭარბი სიკვდილიანობა დაფიქსირდა.
ასევე, ბელგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის Sciensano-ს მონაცემებით, ბელგიაში ჭარბი სიკვდილიანობა 2000 წლიდან მიმდინარე დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო ნებისმიერი სიცხის ტალღის დროს.