აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, 13 ივლისის ღამეს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო დარტყმები დაიწყო. მათი განცხადებით, ოპერაციის მიზანია, შეასუსტოს თეირანის შესაძლებლობა, დაარტყას სამოქალაქო გემებსა და კომერციულ ხომალდებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადაადგილდებიან.
„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები დაიწყო, რათა კიდევ უფრო შეასუსტოს მისი შესაძლებლობა, შეუტიოს სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად გადაადგილდებიან. უმაღლესმა მთავარსარდალმა დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, რათა ირანის ძალებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ,“ - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
მანამდე, 12 ივლისს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან, უზრუნველყონ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობა, მიუხედავად ირანის მხრიდან არსებული მუქარებისა და თავდასხმებისა.
უფრო ადრე CENTCOM-მა განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე საჰაერო ოპერაცია დაიწყეს. ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით, ეს პასუხია ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ხომალდზე ირანის სამხედროების თავდასხმაზე.
7–8 ივლისს შეერთებულმა შტატებმა ირანში ათეულობით სამიზნეზე მიიტანა იერიში, რაც, აშშ-ის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს სავაჭრო გემებზე განხორციელებული ირანული თავდასხმების პასუხი იყო. საპასუხოდ, თეირანმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ობიექტებს შეუტია.
10 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ ირანმა ვაშინგტონს მოლაპარაკებების გაგრძელების თხოვნით მიმართა.