ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“, გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო“ საკუთარი რიგებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, „სხვა შემთხვევაში, თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება“.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.