პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილება დაიცვა და აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა პოლონეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.
თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გარემოცვისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებმაც მთავრობა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რამდენიმე რაკეტის გადაცემის გამო გააკრიტიკეს.
პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა მარჩინ პშიდააჩმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილებაში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარ ტომჩიკმა მთავარი როლი ითამაშა. „ეს ღალატია თუ უბრალოდ სისულელე?“ - იკითხა მან.
კოსინიაკ-კამიშმა ჩინოვნიკს შეახსენა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.
„მე დავიცავ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მე და მთავრობამ მივიღეთ. ბატონ მინისტრ პშიდააჩს ვეკითხები იმ სისულელეზე, რასაც ის ამბობს - ღალატია თუ სისულელე? გუშინ ნატო-მ განაცხადა, რომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინის დამარცხება რუსეთთან ომში ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
„მირჩევნია, რომ ჩვენმა Patriot-ებმა რუსული რაკეტები კიევის თავზე ჩამოაგდონ და არა ვარშავის თავზე. ვინც პოლონეთის მიერ უკრაინის დახმარებას აკრიტიკებს, შეშლილია. ეს ჩემში უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს“, - განაცხადა მინისტრმა.