თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 ივნისს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, სწრაფად დაძრა ავტომანქანა, რის შედეგადაც ტროტუარზე მისი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითს და ტროტუარზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.