ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მე-6 კლასტრის - „საგარეო ურთიერთობები“ გახსნას 14 ივლისს, ბრიუსელში, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გეგმავს.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა 8 ივლისს გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვას ოფიციალური წერილი გაუგზავნოს, რომლითაც მათ „საგარეო ურთიერთობების“ მე-6 კლასტრთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პოზიციის წარდგენას სთხოვს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა საერთო მოლაპარაკების პოზიცია უკვე მიმდინარე კვირაში დაამტკიცოს და კლასტერის გახსნა 14 ივლისს შეძლოს.
„Coreper-მა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი) ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას ოფიციალური წერილი გაეგზავნოს, რომლითაც ევროკავშირი მათ მე-6 კლასტრის - „საგარეო ურთიერთობების“ გასახსნელად მოლაპარაკებების პოზიციის წარმოდგენას სთხოვს“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
შემდეგ ეტაპზე ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის მე-6 კლასტრის შესახებ ერთობლივ მოლაპარაკების პოზიციას დაამტკიცებს. ეს პროცესი, არსებული გეგმის მიხედვით, 10 ივლისს, დღის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს.
სამთავრობათაშორისო კონფერენციები, რომლებზეც უკრაინისა და მოლდოვისთვის მე-6 კლასტრის გახსნა ოფიციალურად გამოცხადდება, 14 ივლისს, ბრიუსელში, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართება.