უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის გადამწყვეტი ეტაპი ხმელეთიდან და ზღვიდან საჰაერო სივრცეში გადავიდა და „ცაში ბრძოლა“ განმსაზღვრელი იქნება.
ამის შესახებ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დღეს მიმაჩნია, რომ ამ ომში გამარჯვება იმას დარჩება, ვინც უფრო ჭკვიანი აღმოჩნდება. თუ თქვენ შეაჩერებთ მტერს ბრძოლის ველზე, თუ შეაჩერებთ ომს ხმელეთზე და თუ მას ზღვაზე უპირატესობას წაართმევთ, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ საზღვაო დრონების დახმარებით, როდესაც რუსეთის ფლოტს უკან დავახევინეთ, მაშინ ბრძოლის შემდეგი ველი ცა იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, „ვისი ტერიტორია უფრო დიდია“.
„ჩვენ საჰაერო სივრცეში გადავედით. ხოლო ცაში ჩვენ უკვე კონკურენტუნარიანი ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შესაძლებლობამ, აწარმოოს და განათავსოს შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატები, ომის მიმდინარეობა შეცვალა. მისი თქმით, ამან კიევს მისცა შესაძლებლობა, დარტყმები განეხორციელებინა რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე, რითაც „მოსკოვის სამხედრო მანქანას ასუსტებს“.
„თუ ჩვენი პარტნიორები ფინანსური თვალსაზრისით უკრაინას არ მიატოვებენ, თუ ჩვენი ჯარისკაცები კვლავ გააგრძელებენ ფრონტის შეკავებას, თუ რუსეთს წინსვლის თითოეული კილომეტრი კვლავ ათიათასობით, ზოგჯერ კი ასიათასობით სამხედრო მოსამსახურის ფასად დაუჯდებათ, მაშინ გადამწყვეტი ბრძოლა ცაში გაიმართება. რადგან სწორედ ცა განსაზღვრავს ამ ომის შედეგს“, - განაცხადა ზელენსკიმ.