4 ივლისის ღამეს რუსეთში, ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტზე დრონებით იერიში განხორციელდა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები სანქტ-პეტერბურგიდან, სადაც ჩანს ხანძარი სამრეწველო ობიექტზე ღამით განხორციელებული შეტევის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ უკრაინის მხრიდან განხორციელდა.
ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა. ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ დრონების საფრთხის გამო, ლენინგრადის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
გამთენიისას ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ „მტრის რამდენიმე ათეული უპილოტო საფრენი აპარატი“ ჩამოაგდო.
მისი თქმით, „ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა ვისოცკის პორტის რაიონში.“
Astra-ის მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგში დარტყმა განხორციელდა „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალზე“.
Astra წერს, რომ მისი OSINT-ანალიზის მიხედვით, ხანძარი გაჩნდა პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს დიდი პორტის სიახლოვეს და გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვისთვის რკინიგზით, მილსადენით და საზღვაო ტრანსპორტით.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ იწვის არა რეზერვუარი, არამედ რკინიგზის ცისტერნა, რომელიც ახლოს მდებარე მისასვლელ ლიანდაგებზე დგას. თუმცა შეტევა გრძელდება და ხანძრის კერების რაოდენობა იზრდება.