აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 16 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებში რეგისტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
მედიის ცნობით, სამშაბათს, 30 ივნისს, მილი მეჯლისი-მ მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები კანონებში „ინფორმაციის შესახებ“, „ბავშვების მავნე ინფორმაციისგან დაცვის შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ამასთან, 16-დან 18 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშის შექმნა, გამოყენება და კონტენტის გამოქვეყნება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლების თანხმობითა და კონტროლის ქვეშ შეეძლებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებლების ასაკის გადამოწმება საბანკო ბარათის მეშვეობით იგეგმება, საიდანაც გარკვეული თანხა დროებით ჩამოიჭრება და შემდეგ უკან დაბრუნდება. იდენტიფიკაციისთვის ასევე გამოყენებული იქნება მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
დოკუმენტი განსაზღვრავს სოციალური ქსელების მფლობელების ვალდებულებებს ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მავნე კონტენტის გავრცელების პრევენციის, პერსონალური მონაცემების დაცვის, საშიში ინფორმაციის ოპერატიულად წაშლისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის მიმართულებით. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები.
კანონში შეტანილი ცვლილებები ოფიციალური გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ შევა ძალაში. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კანონპროექტის მომზადებისას აზერბაიჯანში ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებაც შეისწავლეს.