მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 30 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით მასშტაბური შეტევა დაიწყო.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს დაახლოებით 50 უპილოტო საფრენი აპარატი.
მისივე განცხადებით, ყველა შემთხვევისას ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, რუსეთის საავიაციო სამსახურის ინფორმაციით, დილის 7 საათზე დროებით შეიზღუდა ავიარეისების მიღება და გაშვება აეროპორტებში — „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკიში“.
ასევე, Telegram-არხი Exilenova+ ავრცელებს მოსკოვზე დრონებით იერიშის ამსახველ ვიდეო-მასალას.
Telegram-არხი ასევე წერს ეგორევსკში აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ და მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მიფრენის შესახებ.
ამ ქალაქში, როგორც ცნობილია, მდებარეობს „კრონშტადტის“ ქარხანა, რომელიც დრონებს აწარმოებს, ასევე „რადუგას“ ქარხანა , რომელიც შედის „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების“ კორპორაციაში და აწარმოებს სხვადასხვა კლასის ფრთოსან რაკეტებს, მათ შორის X-101/555, X-69, X-59MK ტიპის რაკეტებს, რომლებითაც რუსეთი უკრაინაში მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს ესხმის თავს.
ცნობისათვის, როგორც „კრონშტადტის“, ისე „რადუგას“ ქარხნებზე იერიშები მანამდეც განხორციელდა.