პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, თუ კიევი უარს არ იტყვის უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა (ОУН) და უკრაინის მეამბოხე არმიის (УПА) ლიდერების, მათ შორის სტეპან ბანდერას, განდიდებაზე.
მისი თქმით, უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, თუ უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას და უკრაინის მეამბოხე არმიას კვლავ ეროვნულ სიმბოლოებად წარმოაჩენს. კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მკაცრ პოზიციას დაიკავებს და უკრაინისგან უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერების განდიდებაზე უარის თქმას მოითხოვს.
კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა თითოეულმა ქვეყანამ მკაცრი მოთხოვნები უნდა შეასრულოს, მათ შორის ისტორიული მეხსიერების საკითხშიც. მისი თქმით, დაუშვებელია ევროპული თანამშრომლობის აგება იმ პიროვნებებისა და მოძრაობების პატივისცემაზე, რომლებიც ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში ტკივილს იწვევს, მიუღებელია ან მათ შესახებ ცრუ წარმოდგენებს ავრცელებს.
„ევროკავშირში არ შეიძლება კვარცხლბეკზე აყენებდნენ მათ, ვინც ევროპულ თანამშრომლობას ანგრევს. ბანდერასთან ერთად უკრაინა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება,“ - განაცხადა მან.
კოსინიაკ-კამიშმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გადაწყვეტილებას პოლონეთი დამოუკიდებლად მიიღებს და არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, როგორ უნდა მისცეს ხმა ამ საკითხზე.
„არავის მივცემთ უფლებას, გვიკარნახოს, როგორ უნდა მივცეთ ხმა ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.