რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ნატო უკრაინასთან ერთად რუსეთის სამხედრო აეროდრომებსა და ავიაბაზებზე დარტყმებისთვის იარაღის შესაქმნელად ემზადება, მათ შორის რუსეთის სიღრმეშიც.
ზახაროვას განცხადებით, საუბარია ისეთი შეიარაღების შექმნაზე, რომელიც რუსეთის აეროდრომებისა და ავიაბაზების მასობრივ დაზიანებასა და ხანგრძლივი დროით მწყობრიდან გამოყვანას ისახავს მიზნად.
„უკრაინისა და ნატო-ს კავშირი თავისი დაუფიქრებელი და აგრესიული ქმედებებით რუსეთის სამხედროებს დამატებით საფუძველს აძლევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ყველა საწარმოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებული შეიარაღების შემუშავებასა და წარმოებაშია ჩართული. სწორედ ამ პოზიციიდან შევაფასებთ როგორც არსებულ ვითარებას, ისე მისი შემდგომი ესკალაციის პერსპექტივებს,“ - განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, ნატო „რაციონალურობის ბოლო ნარჩენებსაც კარგავს“ და „მომატებული რისკის ზონაში გადადის“.
„კიევის რეჟიმი აძლიერებს მცდელობებს, პრაქტიკაში განახორციელოს დიდი ხნის ნანატრი მიზანი - ნატო პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს რუსეთთან, ამაო იმედით, რომ ამით ბრძოლის ველზე შექმნილ უიმედო მდგომარეობას გადაარჩენს. ესეც აშკარად ირაციონალური ფანტაზიების კატეგორიას მიეკუთვნება,“ - განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა საფრანგეთთან SCALP-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიღების საკითხს განიხილავს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და მისმა დანიელმა კოლეგამ, იეპე ბრუსმა, უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებს შორის ერთობლივი ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემის შექმნის საკითხი განიხილეს.