ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, მათ შორის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საცავებზე, ასევე სანაპირო რადიოლოკაციურ სადგურებზე. მათი თქმით, ეს პასუხი იყო ჰორმუზის სრუტეში გამავალ სავაჭრო გემზე თავდასხმაზე.
ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს.
„26 ივნისს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა, წინა დღეს ჰორმუზის სრუტეში გამავალ სავაჭრო გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ირანზე საპასუხო დარტყმა მიიტანეს“, - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ავიაციამ იერიში მიიტანა ირანის რაკეტებისა და დრონების საცავებზე, ასევე სანაპირო რადიოლოკაციურ სადგურებზე მას შემდეგ, რაც 25 ივნისს ირანმა სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემ Ever Lovely-ს უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
CENTCOM-ის ინფორმაციით, თავდასხმის დროს Ever Lovely ჰორმუზის სრუტიდან ომანის სანაპიროს გასწვრივ გადიოდა.
„ირანის შეიარაღებული ძალების არაპროვოცირებული აგრესია კომერციული გემების წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აშკარა დარღვევაა. გარდა ამისა, ირანის სახიფათო ქმედებები ზიანს აყენებს ნაოსნობის თავისუფლებას იმ პირობებში, როდესაც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო დერეფანში სავაჭრო მიმოსვლა სულ უფრო იზრდება“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ აგრძელებენ სრუტეში გამავალი სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილების კოორდინაციასა და მათ მხარდაჭერას.
მანამდე: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებს შეუტია, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება დაარღვია.