დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა და ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენა, კირ სტარმერის გადადგომისა და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგაც უცვლელი დარჩება.
ამის შესახებ Euronews იუწყება.
ენდი ბერნემის ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლის კონტექსტში ლემიმ აღნიშნა, რომ „საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლაზე საუბარიც კი არ არის“.
„ჩვენ თანმიმდევრულად ვუჭერდით მხარს უკრაინას ყველა მთავრობის პირობებში და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვაახლებთ კავშირებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ვიწყებთ ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვას - ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა მან.
ლემიმ ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს უკრაინის საკითხზე არსებული „დინამიკის“ შენარჩუნებას ანკარაში ნატო-ს სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს გაიმართება. მისი თქმით, ამას წინ უძღოდა უკრაინის საკითხზე ტრანსატლანტიკური ერთიანობის იშვიათი დემონსტრირება გასულ კვირას საფრანგეთში გამართულ G7-ის სამიტზე საფრანგეთში.
ლემის თქმით, უკრაინის მხარდამჭერმა ერთობლივმა განცხადებამ, რომელსაც ხელი "დიდი შვიდეულის" ყველა ლიდერმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მოაწერა, ევროპაში გააჩინა იმედი, რომ ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას გააძლიერებს და მოსკოვზე ზეწოლას გაზრდის.
„ვფიქრობ, უახლოეს კვირებში ნატო-ს ფარგლებში ვიხილავთ, რომ შეერთებული შტატები აღნიშნავს ევროპელი მოკავშირეების მიერ თავდაცვითი ვალდებულებებისა და უსაფრთხოების ხარჯების ზრდას მთელ კონტინენტზე“, - განაცხადა ლემიმ.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი მომავალშიც გააგრძელებს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და „რუსულ ბინძურ ფულზე“ ზეწოლას, რომელიც, მისი შეფასებით, ომს აფინანსებს.
„ახლა სწორედ ის დროა, როდესაც აუცილებელია ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა“, - დასძინა მან.