ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის ანკარის სამიტის მთავარი ამოცანა მოკავშირეების მიერ თავდაცვითი ვალდებულებების შესრულების დადასტურება იქნება, რადგან, მისი თქმით, სწორედ ეს არის რუსეთის შეკავების მთავარი ფაქტორი.
რუტეს თქმით, გასულ წელს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაეზარდათ, ასევე გაეგრძელებინათ უკრაინის მხარდაჭერა და გაეფართოებინათ თავდაცვითი წარმოება.
„ამ სამიტის მიზანია ვალდებულებების შესრულების დადასტურება და საიმედო კურსის შენარჩუნება. ის ფაქტი, რომ გასულ წელს თითქმის 20%-ით მეტი დავხარჯეთ, უკვე ადასტურებს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ მშპ-ის 5%-იან მიზნამდე მისასვლელად საიმედო გზა გვაქვს. ვხედავ, რომ ეს ნამდვილად ხდება, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვში ესმოდეთ: „ჩვენ უკვე დღეს შეგვიძლია თქვენთან დაპირისპირება და ვიზრუნებთ იმაზე, რომ თუ ჩვენს წინააღმდეგ რაიმე უაზრო ნაბიჯს გადადგამთ, მზად ვიქნებით თავის დასაცავად.“
რუტეს შეფასებით, ჰააგის სამიტი დიდი წარმატება იყო, რადგან წევრმა ქვეყნებმა საკუთარ თავზე კონკრეტული ვალდებულებები აიღეს.
„თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ. ყველაზე მთავარია, რომ მოსკოვში გაიგონ: ჰეი, ჩვენ თქვენთან ბრძოლა დღესვე შეგვიძლია და ვიზრუნებთ, რომ რაიმე უგუნურ ნაბიჯს თუ გადადგამთ ჩვენ წინააღმდეგ, მზად ვართ თავდაცვისთვის. აუცილებელია ჩვენი ვალდებულებების შესრულება. სწორედ ეს უნდა მოხდეს ანკარაში და, ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, პუტინს ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებების არ ეშინია - მას ამ ვალდებულებების შესრულების ეშინია და სწორედ ამას ვაკეთებთ, ვლადიმირ, ჩვენ თავს დავიცავთ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.