გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ 2026-2030 წლებისთვის ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულებას (CPF) მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი განსაზღვრავს ხუთი წლის განმავლობაში აგროსასურსათო სექტორის ხელშეწყობაში FAO-ს ჩართულობას და სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებსა და გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF). ეროვნულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ასახავს სტრატეგიულ ხედვას საქართველოს აგროსასურსათო სისტემების უფრო კონკურენტუნარიან, ინკლუზიურ და კლიმატის მიმართ მედეგ სექტორად გარდასაქმნელად და აძლიერებს გაეროს კოორდინირებულ მხარდაჭერას.
ქვეყნის პროგრამული ჩარჩოს (CPF) მეშვეობით, FAO უზრუნველყოფს ტექნიკურ ექსპერტიზას, პოლიტიკის მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშესაწყობად.
„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ჩვენ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მტკიცე პარტნიორობით განხორცილდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომელთა მიზანიც აგროსექტორის მაღალი სტანდარტით განვითარების ხელშეწყობაა. ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე (CPF) ხელმოწერით ვადასტურებთ მზაობას უფრო კონკურენტუნარიანი და ინკლუზიური აგროსასურსათო სისტემის შესაქმნელად, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს ჩვენი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
FAO-ს წარმომადგენელმა რაიმუნდ იელემ ხაზი გაუსვა ორგანიზაციის როლს ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინკლუზიური მიდგომების პოპულარიზაციაში.
„პროგრამული ჩარჩო ხელშეკრულება (CPF, 2026-2030) შეთანხმების ის ფორმაა, რომელიც ეფუძნება საერთო პრიორიტეტებს და მიზნად ისახავს გლობალური ექსპერტიზის გამოყენებას ქალაქსა და სოფელს შორის არსებული სხვაობის აღმოსაფხვრელად, ქალებისა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მზად იყოს კლიმატის ცვლილების გამოწვევებისთვის“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.
„მოხარული ვარ, სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის ქვეყნის პროგრამულ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერით. ეს დოკუმენტი ემსახურება ქვეყანაში აგროსასურსათო სისტემების განვითარების, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი კონტრიბუციის განხორციელებას, ასევე ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) ფარგლებში, სათბურის აირების ემისიების შემცირებას. ვულოცავ ორივე მხარეს მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერას“,-განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში- დიდიე ტღებიუკმა.
ქვეყნის პროგრამული ჩარჩო ხელშეკრულება (CPF, 2026-2030 წლები) ქმედითი გზამკვლევია, განვითარების ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იყოს მწვანე ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.