ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინას 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის ფარგლებში პირველი ტრანში - 3,2 მილიარდი ევრო უკვე გამოეყო. ამასთან, ევროკავშირი უახლოეს დღეებში უკრაინული დრონების წარმოებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფასაც დაიწყებს.
ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა გდანსკში უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას დაახლოებით 200 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს.
„დღეს ამ სესხის პირველი ტრანში გადავრიცხეთ - ეს 3,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარებაა. მოხარული ვარ, რომ ამის შესახებ დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ“, - აღნიშნა მან.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაიწყებს ასევე 6 მილიარდი ევროს პაკეტიდან თანხების გადარიცხვას, რომელიც უკრაინაში დრონების წარმოების მხარდაჭერისთვის არის განკუთვნილი.
„ეს სოლიდარობის რეალური გამოხატულებაა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.