რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 23 ივნისის ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო რამდენიმე რაიონში ხანძრები დაფიქსირდა. ქერჩის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში შეჩერებული იყო.
ინფორმაციას ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
მონიტორინგის ჯგუფი „კრიმსკი ვეტერი“ სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ქერჩში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, ახალი ხანძრის კერები გამოჩნდა. აღნიშნული ობიექტი 21 ივნისს განხორციელებული შეტევის შემდეგ კვლავ იწვის.
ხანძრები ასევე ფიქსირდება ქერჩის მისასვლელთან და ბაგეროვოს დასახლებასთან ახლოს, სადაც, გავრცელებული ცნობებით, S-300/S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციებია განლაგებული. დამატებით, ხანძრის კერები შეინიშნება პორტ „კავკაზის“ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზეც, ასევე ქერჩის რკინიგზის სადგურ „იუჟნაიასთან“.
ტელეგრამ-არხი Supernova+ იუწყება, რომ ღამის განმავლობაში რეგიონში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო დილით გავრცელდა ინფორმაცია ქერჩის ნავთობპროდუქტების გადამტვირთავ კომპლექს TES-Terminal-ზე განხორციელებული დარტყმის შესახებ.
ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებას ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია ხანძრებისა და შესაძლო შეტევების შესახებ. პარალელურად, ქერჩის ხიდზე მოძრაობის შეჩერება 22 ივნისის 23:24 საათზე გამოცხადდა და მხოლოდ დაახლოებით 5.5 საათის შემდეგ, დილის 05:10-ზე აღდგა.