ელენე ხოშტარია ხელჯოხით მოვიდა, ცდილობდა, არ შეემჩნია ტკივილები, პროგრესირება მოხდა იმ დაავადების, რის გამოც დასჭირდა თურქეთში მკურნალობა, მივიღე პირობა, რომ შეხვდებიან მის მიერ მოთხოვნილ ექიმს - ეკა ბესელია
ადვოკატი ეკა ბესელია რუსთავის ქალთა ციხეში "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ელენე ხოშტარიას შეხვდა.
მისი განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
როგორც ბესელიამ „ტვ პირველთან“ აღნიშნა, მიიღო პირობა როგორც მთავარი ექიმისგან, ისე ხელმძღვანელობისგან, რომ ანალიზების პასუხები სწრაფად იქნება მიღებული. ამის შემდეგ იგეგმება ხოშტარიას მიერ შერჩეულ ექიმთან კონსულტაცია, დიაგნოზის დაზუსტება და შესაბამისი მკურნალობის გეგმის განსაზღვრა.
„ბოლოს რომ ვნახე არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა და არც სიარული უჭირდა. ახლა ხელჯოხი სჭირდება. ხელჯოხით მოვიდა. ვიზუალურად ცდილობდა არ შეემჩნია ტკივილები, მაგრამ ფაქტია, რომ აწუხებს. პროგრესირება მოხდა იმ დაავადების, რის გამოც დასჭირდა თურქეთში წასვლა და მკურნალობა. დაავადება ტრანსფორმირდა სხვა სირთულეებშიც. როგორც მითხრა, ჩემთან შეხვედრამდე მთავარი ექიმი შეხვდა.
პირობა მივიღე, როგორც მთავარი ექიმისგან, ასევე დირექტორისგან, რომ ძალიან სწრაფად მიიღებენ ანალიზების პასუხს, მათ შორის, შეხვდებიან ელენეს მიერ მოთხოვნილ ექიმს და მასთან ერთად გაივლის მთავარი ექიმი კონსულტაციას. ერთმანეთს გაუზიარებენ ანალიზის შედეგებს, რომ დიაგნოზი დაისვას, რის შემდეგადაც მკურნალობა უნდა განისაზღვროს, თუ სად უნდა ჩატარდეს. თურქეთის მხარესთან ელენეს ნდობით აღჭურვილი იქნება საკონტაქტო პირი“,- განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამას ელენე ხოშტარია გათავისუფლებას არ ითხოვს, ამის ბერკეტი სამართლებრივი არსებობს:
"თვითონ არ მოითხოვს, რომ გათავისუფლება მოხდეს ავადმყოფობის გამო, მაგრამ ხომ არ უნდა ველოდოთ, ადამიანი ამას თვითონ იტყვის თუ არა, კანონი ხომ ითვალისწინებს. არსებობს ძალიან ბევრი ტიპის შემოვლის მექანიზმი, როგორ შეიძლება სასჯელისგან გათავისუფლდეს ადამიანი, კანონიერი გზით, - განაცხადა „ტვ პირველთან“.