რუსეთის ძალებმა დრონით იერიში მიიტანეს თურქულ სატვირთო ხომალდზე, რის შედეგადაც გემზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა - ეგვიპტის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.
„რთული ვითარებისა და ხანძრის შემდგომი გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კატერების ეკიპაჟებმა წარმატებით ჩაატარეს მშრალტვირთმზიდის ეკიპაჟის ევაკუაციის სამაშველო ოპერაცია. სამწუხაროდ, მათ შორის არიან დაღუპულებიც“, - აცხადებენ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში.
ამ ეტაპზე არ ზუსტდება, რამდენი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა. რუსეთის მხარეს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.