რუსული მხარის ცნობით, 22 ივნისის ღამეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე 60-მდე დრონით შეტევა იყო, რის გამოც რამდენიმე აეროპორტმა მუშაობა დროებით შეიზღუდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით ღამის საათებში საჰაერო თავდაცვამ ჯერ 27, მოგვიანებით კი კიდევ 32 დრონი ჩამოაგდო.
რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს („როსავიაცია“) განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით დროებით შეიზღუდა მოსკოვის აეროპორტების - "დომოდედოვოსა" და "ჟუკოვსკის" მუშაობა. მანამდე შეზღუდვები დაწესდა ასევე შერემეტიევოს" აეროპორტშიც.
რუსულ Telegram-არხებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც, მათი მტკიცებით, დრონების ფრენა და აფეთქებების ხმებია აღბეჭდილი.
ამ ეტაპზე უკრაინულ მხარეს შეტევაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.