ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული ენის დღის ჩაშლის მცდელობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს ნამდვილად იყო ექსტრემისტების ჯგუფი. მათ ამორალურ ქმედებებზე დეტალურად არ შევჩერდები, რათა ამ ყველაფერს დამატებითი რეკლამა არ გავუკეთო, უფრო უკეთ რომ ვთქვათ კი, ანტირეკლამა…
საყურადღებოა, რომ იმავე დღეს მსგავსი ღონისძიება, ქართველი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით, ბათუმშიც გაიმართა, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების ფარგლებში პუშკინის საქართველოსადმი მიძღვნილი ნაწარმოებებიც გაჟღერდა. რა საოცარი სტრიქონები მიუძღვნა მან ამ ადგილებს.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ და სათანადოდ შეაფასებენ რადიკალების, ექსტრემისტების თუ ხულიგნების ქმედებებს - ეს უკვე ქართველი სამართალდამცავების კომპეტენციაა.
გარდა იმისა, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა ეს ხულიგნები ან რადიკალები უნდა გამოავლინონ და დასაჯონ, შესაძლოა, მათ წასაკითხად წიგნიც მისცენ იმის შესახებ, თუ ვინ იყო ირაკლი ანდრონიკოვი. იქნებ ამ გზით მაინც მოხერხდეს იმ ადამიანების გონზე მოყვანა, რომლებიც ან ფულის გამო, ან ნაციონალიზმით შეპყრობილნი დასცინიან რუს პოეტებს.
შესაძლოა, ეს დაეხმაროს მათ გააცნობიერონ, რამდენად უაზროა ის, რასაც აკეთებენ, და რომ ზიანს პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებენ და არა ალექსანდრ პუშკინს ან ჩვენ", - განაცხადა ზახაროვამ.