მოსამართლე გიორგი გელაშვილს განაჩენის გამოცხადება შეეშალა - 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ია დარახველიძესაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
როგორც დარახველიძის ადვოკატმა "თვ პირველს" უთხრა, სასამართლოდან შეეხმიანენ და განუმარტეს, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და შესაბამისი განჩინებით აღმოფხვრეს.
"კანონმდებლობის მიხედვით, 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებს მუხლი საპატიმრო სასჯელს და ძალიანაც რომ ნდომოდა მოსამართლეს, 3 წელს ვერ შეუფარდებდა. ყველას გაგვიჩნდა იქვე ეს კითხვა. თუმცა შემეხმიანნენ და განმიმარტეს, რომ ტექნიკური ხარვეზი მოხდა და შესაბამისი განჩინებით აღმოფხვრეს.
ჩემი პროფესიული აზრით, ეს არ არის სწორი. კონკრეტული მუხლის შესაბამისად, განაჩენში ისეთი არსებითი ცვლილება არ შეიძლება იქნას შეტანილი, რაც კვალიფიკაციასა და სასჯელის ღონისძიებაზე ახდენს გავლენას. მით უფრო, რომ ეს პირველი ინსტანციაა და თავისუფლად შეიძლებოდა შეცდომის გამოსწორება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა შემდგომ ინსტანციაში. ბევრი აზრი შეიძლება ამასთან დაკავშირებით არსებობდეს, მაგრამ არსი არის ბრალდებულის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. რომელმაც მოსამართლისგან გაიგო განაჩენი და მერე არკვევს, რომ უი, თურმე შეეშალათ,- განაცხადა აჭარიძემ.
ია დარახვეიძე სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. მასზე ძებნა გამოცხადდა.