რუსეთში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს ვებგერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის დიდ ქალაქებში დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემთხვევაში, შტატების მოქალაქეებმა ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები უნდა დაიცვან და თავშესაფარი მოძებნონ.
აშშ-ის საელჩო რუსეთის ფედერაციაში აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რეგიონებსა და ქვეყნის შიგნით დიდ ქალაქებში დრონების იერიშები და აფეთქებები ფიქსირდება.
გავრცელებულ ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები და მოიძიონ თავშესაფარი.
„თუ ხედავთ უპილოტო საფრენ აპარატს ან დრონს, დაუყოვნებლივ მოშორდით ადგილს და საჭიროების შემთხვევაში მოძებნეთ თავშესაფარი. არ მიუახლოვდეთ, არ შეეხოთ და არ გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო დრონებს, მათ ნამსხვრევებს ან მათ მიერ ჩამოგდებულ ობიექტებს“, - ნათქვამია მითითებებში.
საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში აკრძალულია თავდასხმების შედეგების ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„კიდევ ერთხელ ვურჩევთ და მკაცრად მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ რუსეთში“, - აცხადებს საელჩო.