გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში „ჩიხში შევიდა“, ხოლო ომის შედეგებს სულ უფრო მძაფრად გრძნობს რუსეთის მოსახლეობა.
მისი თქმით, მაშინ როცა რუსეთის შეტევა ძალას კარგავს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე ინიციატივას ინარჩუნებენ.
„ის გზა, რომლითაც უკრაინა ომს იქ აბრუნებს, საიდანაც ის დაიწყო, მართლაც შთამბეჭდავია. ეს შემთხვევითობა არ არის. „რამშტაინის“ ფარგლებში გაწეულმა მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა“, - განაცხადა პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 35-ე შეხვედრაზე.
მინისტრის თქმით, გერმანია თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის სამხედრო გეგმებს და მომავალშიც გააგრძელებს მასშტაბურ დახმარებას.
პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიამ უნდა ისწავლოს უკრაინის გამოცდილებიდან და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა უკვე ორმხრივ პროცესად გადაიქცა.
მისი შეფასებით, „რამშტაინის“ 35-ე შეხვედრა „კრიტიკულ მომენტში“ იმართება.
„პუტინი ჩიხში შევიდა. მისი უკანონო შეჭრა უკრაინაში მის ჯარებს მძიმე დანაკარგებს აყენებს. კრემლი ვეღარ მალავს ამ ომის ნეგატიურ შედეგებს, რასაც სულ უფრო მძაფრად გრძნობს რუსეთის მოსახლეობა“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზე თუმცა კრემლი დიალოგის ნაცვლად ესკალაციას ირჩევს.
პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ესკალაცია მიმართულია როგორც უკრაინის, ისე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის წინააღმდეგ.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის შედეგს იძლევა და ის უნდა გაგრძელდეს. მხოლოდ ასე შეძლებს უკრაინა ინიციატივის შენარჩუნებას და გაძლიერებას ფრონტზე“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული „რამშტაინის“ მიმდინარე შეხვედრა.