შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერების საკითხში, რათა დასრულდეს ეს საშინელი ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ წამოიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში„რამშტაინის“ ფორმატის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.
„გვქონდა კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები ყველა ლიდერთან, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერების საკითხში, რათა დასრულდეს ეს საშინელი ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ წამოიწყო. ეს ასევე „დიდი შვიდეულის“ ყველა ლიდერის საერთო პოზიციაა. ჩვენ მადლობელი ვართ ამ ერთიანობისთვის. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები და ისინი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ რუსეთი იმ გზაზე დავაყენოთ, სადაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიევ-პეჩორის ლავრაზე რუსეთის დარტყმას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ თავდასხმებზე პასუხებს ამზადებს.
„დღეს დილით მოსკოვის რეგიონშიც შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი ასეთი პასუხი. ამიტომ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი "სანქციები" ძალიან ეფექტურად ურტყამს რუსეთის ნავთობობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი უკვე აწყდება საწვავის დეფიციტს, ხოლო რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად მცირდება.
„მაგრამ პუტინი ამ ომს არ აჩერებს. ის მის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს. ამიტომ ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. უკრაინული დრონების მხარდაჭერისა და უკრაინაში შეიარაღების წარმოების ყველა პროექტი, ასევე პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა სანქციური ნაბიჯი, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
ამჟამად რუსეთი ამ ომის გაგრძელებისთვის ყოველთვიურად სულ მცირე 30 ათას ჯარისკაცს კარგავს ფრონტის ხაზზე - მოკლულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ჩვენ რუსეთის თავდასხმების შეკავების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.