ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა. მათ შორის არის პანკისის ხეობის სოფლები - ზემო, ქვემო და შუა ხალაწანი, სადაც უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და მოვარდნილი ღვარცოფი სოფელში გადმოვიდა.ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
მატი ცნობით, დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, დაზიანებულია სოფელ შუა ხალაწანში საცალფეხო ხიდის ნაწილიც.
მოსახლეობა ამბობს,რომ შინაური ცხოველები დროულად გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას, სხვა შემთხვევაში ზარალი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა.
“ღამით დაახლოებით ათი საათიდან დაიწყო წყალმა მოვარდნა. ეზოებში რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო წყლის დონე. მოვასწარით და შინაური ცხოველები უსაფრთხო ადგილს შევაფარეთ. საბედნიეროდ წვიმაც დროულად შეწყდა. დაიტბორა სიმინდი, კარტოფილი და სხვა სასოფლო კულტურა,”- უთხრეს გამოცემას ადგილობრივებმა.
ამ დროისთვის მდინარეებში წყლის დონემ იკლო. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე მუშაობას დაიწყებს შესაბამისი ტექნიკა და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.
ფოტო: "მთავარი ამბები კახეთიდან"