უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმ-რ პუტინთან მათი საუბარი განიხილა.
„ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს ვესაუბრე მათი დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთის ლიდერთან. ეს საუბარი ასევე ოსლოში ამერიკის, ევროპისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან ჩვენი დისკუსიების გაგრძელება იყო. მადლობელი ვარ მათ მიერ მოწოდებული დეტალური ინფორმაციისა და იმ აქტიურობისთვის, რომლითაც მხარს უჭერენ ჩვენს დიპლომატიას და ყველა პარტნიორთან ერთად სამშვიდობო ძალისხმევას“, - დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, სტუბმა და სტორემ რუსეთის ლიდერს მკაფიოდ განუცხადეს, რომ უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით დეესკალაციის რეალური ნაბიჯებია საჭირო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას ასევე განიხილეს ნოემბერში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის მომზადება, რომელშიც უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენელთა ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.
„ფინეთსა და ნორვეგიას, როგორც რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებული ინტერესი აქვთ უსაფრთხოების სფეროში სათანადო და საიმედო გადაწყვეტილებების მიღწევაში. ასევე განვიხილეთ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს დიპლომატიური ძალისხმევის შემდგომი მხარდაჭერისთვის, ჩვენი თავდაცვისა და საერთო უსაფრთხოებისთვის. მშვიდობა უნდა დამყარდეს, დეესკალაცია აუცილებელია და რუსეთმა ომის გაჭიანურება უნდა შეწყვიტოს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, იმავე დღეს, ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ინიციატივით სატელეფონო საუბარი გამართეს პუტინთან. სტუბის თქმით, საუბარი „გულახდილი და შინაარსიანი“ იყო.