ევროპარლამენტმა 436 ხმით, 145-ის წინააღმდეგ, მიიღო რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ.
ევროპარლამენტი საქართველოში „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უკუსვლისა და ძალაუფლების ავტოკრატიული კონსოლიდაციის“ შესახებ საუბრობს.
„ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული მათ მიერ ხელშესახები და შემოწმებადი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების, შეზღუდვებისა და რუსული სტილის ინტენსიური ანტიევროპული დეზინფორმაციის მიმდინარე კურსი შეცვალონ. შესაბამისად, ინარჩუნებს თავის წინა პოზიციებს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ. მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი დე ფაქტო ერთპარტიული პარლამენტია, რომელიც პლურალისტური საპარლამენტო დემოკრატიის საფუძვლების ჩამოშლის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივებს ამტკიცებს. შეშფოთებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს დე ფაქტო პარლამენტმა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეიდან დროებითი გამოსვლის შესახებ გამოაცხადა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროპარლამენტის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკუაქცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ამავდროულად, პარლამენტი „გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუქცევის, მზარდი რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებების, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ქართველი ხალხისთვის, რათა დაუბრუნდეს ევროპულ გზას“.
ანგარიშით ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ და გაყინონ მისი აქტივები. პარლამენტი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და მედიასაშუალებების თანამონაწილე მფლობელების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას. ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში კი, მოუწოდებს რაც შეიძლება მეტი წევრი სახელმწიფოს მიერ ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებისკენ.
ევროპარლამენტი გმობს პოლიტიკური რეპრესიების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროებისა და ოპოზიციური ფიგურების დევნისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების სისტემურ დაუსჯელობას. ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ავტორიტარული კონსოლიდაციის დაჩქარების გათვალისწინებით, ევროკავშირის რეაგირება დღემდე არაადეკვატური და დაგვიანებულია.
უნგრეთის ახალ მთავრობას მოუწოდებს, მოხსნას მისი წინამორბედის ვეტო ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზნობრივი სანქციების მიმართ.
ევროპარლამენტი ინარჩუნებს თავის წინა პოზიციებს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით და ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან.
გმობს უპრეცედენტო და სულ უფრო შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის მუშაობას. ხაზს უსვამს, რომ გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აფართოებს „გრანტის“ ფარგლებს, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა.
ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებლად არის დასახელებული ასევე პოლიტიკური პატიმრების არსებობა და მოუწოდებს მათი გათავისუფლებისკენ. მათ შორის იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული საფუძვლით გათავისუფლების შესახებ.
აღნიშნავს, რომ ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
გმობს ელენე ხოშტარიას მიმართ დაკავების დროს განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მოითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნას.
პარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საქართველოში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დასაცავად და მხარდასაჭერად.
ანგარიშში ევროპარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს მოუწოდებს, გააძლიეროს თავისი მანდატის შესრულება და გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი ადამიანის უფლებების დასაცავად.
მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები. გამოხატავს უკმაყოფილებას სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის ბოლოდროინდელ შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს ხელისუფლების „საჯარო და სისტემატურ“ კრიტიკას ან მათი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას.
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას მომიტინგეებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დაკავების ბოროტად გამოყენების გამო. გმობს სანდო ცნობებს ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მომიტინგეებისა და დაკავებულების წინააღმდეგ.
გმობს ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, გაუპატიურების და სხვა გენდერული ძალადობის მუქარის, ასევე ჩხრეკის მიზნით გაშიშვლების მზარდ ტენდენციას.
გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას იმ ბრალდებების გამო, რომ შესაძლოა საქართველოში საპროტესტო აქციების კონტექსტში ფიზიკური პირების წინააღმდეგ გამოყენებულიყო აკრძალული ქიმიური ნივთიერება და გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მოუწოდებს ამ საქმის გამოძიებისკენ.
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევებისა და დაუცველი ჯგუფების, მათ შორის ლგბტქ+ პირების დისკრიმინაციის გამო და ღნიშნავს, რომ ეს დარღვევები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით და საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებით ნაკისრ ვალდებულებებთან.
მოუწოდებს საქართველოს „დე ფაქტო პარლამენტს“, გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომლის დებულებებიც მკვეთრად არღვევს ადამიანის უფლებებსს.