აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოველთვის არ ეთანხმებიან ერთმანეთს.
ამის შესახებ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება CNN.
ნეთანიაჰუს თქმით, ასეთი უთანხმოებები „საუკეთესო ოჯახებშიც კი ხდება“.
„ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, მე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი. მე პასუხისმგებელი ვარ ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებზე და ეს გონივრულად უნდა გავაკეთო“, - განაცხადა მან.
CNN-ის ცნობით, ნეთანიაჰუმ ძირითადად თავი აარიდა შეთანხმების პირდაპირ განხილვას და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რასაც ისრაელის მიერ ირანისა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით განხორციელებული კამპანიების მნიშვნელოვან მიღწევებს უწოდებს.
„შეთანხმებით თუ მის გარეშე, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება - არც დღეს და არც ხვალ. ვიდრე მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს განცხადებით, „ბრძოლა დასრულებული არ არის“ და ისრაელმა სიფრთხილე, სიმტკიცე და მოქმედებისთვის მზადყოფნა უნდა შეინარჩუნოს.
„ბრძოლა არ დასრულებულა. საჭიროების შემთხვევაში საკუთარი თავის დასაცავად უნდა დავრჩეთ სიფრთხილით, ძლიერად და მტკიცედ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ ისრაელი არ აპირებს ჯარების გაყვანას სამხრეთ ლიბანიდან, ღაზის სექტორიდან და სირიიდან.
„ჩვენ უსაფრთხოების ზონებში დავრჩებით იმდენ ხანს, რამდენიც ჩვენი ქვეყნის დასაცავად იქნება საჭირო“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას მან აღიარა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაურკვევლობა არსებობს.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება შეთანხმება“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, დაიდო თუ არა შეთანხმება მისი პოზიციის მიუხედავად, ნეთანიაჰუმ ყურადღება გაამახვილა მის მრავალწლიან ურთიერთობაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
„გონივრული მოქმედებისთვის საჭიროა დიდი გამოცდილება და ამერიკული პოლიტიკური გარემოს ღრმა ცოდნა. ვფიქრობ, ამას საუკეთესოდ ვაკეთებ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.