აშშ-ის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სამხრეთ კალიფორნიაში, მოჰავეს უდაბნოში მდებარე ედვარდსის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან აფრენიდან მალევე B-52 ტიპის ბომბდამშენზე ჩამოვარდა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა.
ავიაბაზამ სოციალურ ქსელებში გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ ამ კატასტროფის შედეგად გადარჩენილები არ არიან“.
ოფიციალური პირების თქმით, კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის დგინდება.
ეკიპაჟის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. სამაშველო სამსახურებმა რეაგირება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბომბდამშენი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:20 საათზე ჩამოვარდა.
ორშაბათის დღის მეორე ნახევარში აეროდრომი დაიხურა, ყველა საჰაერო ხომალდი კი სხვა აეროდრომებზე გადამისამართდა.
Boeing B-52 Stratofortress - შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენია, რომელიც ექსპლუატაციაში 1955 წელს შევიდა. ის განკუთვნილია როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გადასატანად და გამოყენებული იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით მიმდინარე მრავალ კონფლიქტში - მათ შორის ვიეტნამსა და ახლო აღმოსავლეთში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში.