უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის მხარეს ლიდერების შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ვლადიმირ პუტინს ამის სურვილი არ აქვს.
„ჩვენ პუტინს შევთავაზეთ შეხვედრა ნებისმიერ ადგილას, სადაც ომის დასრულების შესახებ რეალური გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. მას ეს არ სურს.
აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად განვიხილავდით G7-ის სამიტის ფარგლებში რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობას ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მონაწილეობით. პუტინს ესეც არ სურს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა აშშ-ში ასეთი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა - „იმ ფორმატში, რომელზეც პუტინს, სულ მცირე, პრეზიდენტ ტრამპისთვის უარის თქმა გაცილებით გაუჭირდებოდა“.
„ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ეს. თუ რუსეთი ამ შესაძლებლობაზეც უარს იტყვის, საჭირო გახდება დამატებითი ზეწოლა“, - განაცხადა ზელენსკიმ.