ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა.
საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი ტაბატაძემ "ევროსკოპს" განუცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ „პოზიტიურადაა განწყობილი“.
„დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრეთ, მოვისმინეთ მათი პოზიცია, მათ ჩვენი პოზიცია მოისმინეს“, - განაცხადა მან.
შეკითხვაზე იგეგმება თუ არა შემდგომი შეხვედრა, ტაბატაძემ თქვა: „მომავალი გვიჩვენებს“.
შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, ევროკომისიის წარმომდგენლები საქართველოს დელეგაციას ვიზებთან დაკავშირებული სიღრმისეული დიალოგის გასამართად ხვდებიან. ეს ევროკავშირის სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში მოქმედებს.
"ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე შეჩერებულ იქნა 12 თვის განმავლობაში, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.
შეხვედრის მიზანი იმ გარემოებების მოგვარებაა, რომლებმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია", - აღნიშნულია განცხადებაში.