უკრაინა სერიოზულად შეუდგა ანექსირებული ყირიმის იზოლაციის გეგმის განხორციელებას. ამის შესახებ Reuters უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურ რობერტ ბროვდის („მადიარი“) სიტყვებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინული დრონებით მიმდინარე დარტყმების კამპანიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე დააზიანა სამხედრო ლოჯისტიკა, განსაკუთრებით საწვავის მიწოდება. ამის გამო, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ იძულებით შემოიღო საწვავის გაყიდვის მკაცრი ნორმირება.
რობერტ ბროვდის შეფასებით, უკრაინული დარტყმების კამპანიის შედეგად ბოლო თვეში მოძრაობა გზატკეცილზე, რომელიც აკავშირებს როსტოვს, მარიუპოლს, მელიტოპოლს და ყირიმს, 2/3-ზე მეტით შემცირდა.
მისი თქმით, უახლოეს თვეში უკრაინა უკვე სრულად შეძლებს ამ გზის კონტროლს.
„ჩვენ უახლოეს პერიოდში ყირიმის იზოლირებას მოვახდენთ... ჩვენ შევქმნით პირობებს, რომლებიც უკიდურესად გაართულებს ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის ან თავდაცვის სფეროს თანამშრომლის ყოფნას ყირიმში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან მათთან მისასვლელი გზების გამოყენებას,“ - განმარტა უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა.
ბროვდის თქმით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მისმა დანაყოფებმა გაანადგურეს რუსეთის 174 საჰაერო თავდაცვის კომპლექსი, რითაც გზა გაუხსნეს დრონებს მიმდინარე კამპანიისთვის.
„მადიარი“ იმედოვნებს, რომ რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და ნავთობის სექტორზე სისტემური დარტყმები შეასუსტებს მოსკოვის შესაძლებლობასა და სურვილს, გააგრძელოს ომი.
„ჩვენ ვაღებთ კარს უზარმაზარ სივრცეებში, სადაც ომის ტკივილი, რომელიც თითქმის ყველა უკრაინულ ქალაქში იგრძნობა, უნდა იგრძნობოდეს, მათ შორის რუსეთის ქალაქების მოსახლეობის ცნობიერებაშიც,“ - თქვა ბროვდიმ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ ახორციელებდა და არც მომავალში განახორციელებს პირდაპირ დარტყმებს სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე.