რუსული ნავთობკომპანია Rosneft-ის კუთვნილი კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამარაში 10 ივნისის ღამეს დრონებით განხორციელებული შეტევის შემდეგ ნავთობის გადამუშავებას სრულად აჩერებს.
ამის შესახებ Reuters ნავთობისა და გაზის სექტორის ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, გაჩერდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარის - CDU-4-ისა და CDU-5-ის მუშაობა. თითოეულის სიმძლავრე დღეში დაახლოებით 73 000 ბარელს შეადგენს.
დრონების დარტყმამ მნიშვნელოვანი დაზიანება მიაყენა საწარმოს აღჭურვილობას და გამოიწვია ხანძრები, რის შედეგადაც ქარხანა ამჟამად ფუნქციონირებას ვერ ახერხებს.
ქარხანა საწვავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელია, მათ შორის რუსეთის სამხედრო საჭიროებებისთვის.