საკუთარი ქვეყნის დანგრევას გვთხოვენ იმით, რომ გვეუბნებიან, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეთ, ანუ დავუწესოთ სანქციები რუსეთს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას. სავიზო რეჟიმი როდესაც იქნა შემოღებული, ეს იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ, რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია. ვხედავთ, რომ სირცხვილის გრძნობა მაინცდამაინც აღარ არსებობს ბრიუსელში. როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის. მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომლებიც ტექნიკური ხასიათის არის, დაამატეს ის პოლიტიკური კრიტერიუმები, რომლებიც არასდროს არსებობდა, რაც კი ევროკავშირი, მისი ვიზა და უვიზობა არსებობს. ქართველი ხალხი, საქართველოში მცხოვრები ოთხი მილიონი მოსახლეობა დაგვაფასეს – ევროკავშირი შეიყარა, დრო დახარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და თავისი წესები მოერგო საქართველოზე. ეს არის მეორე დარღვევა – ევროკავშირის წესები მოარგეს ერთ სპეციფიურ სუბიექტს, ამ შემთხვევაში – საქართველოს. ამ პოლიტიკური კრიტერიუმით, თავიანთი აზრითა და ჭკუით, რასაც უნდათ, იმას მოგთხოვენ. ახლა ფანტაზიას აღარ აქვს საზღვარი, გვეუბნებიან, რუსეთს დაუწესეთ სანქციებიო. ანუ, გვეუბნებიან, თავი მოიკალით, თუ უვიზო მიმოსვლა გინდათო. თავი თუ დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვინღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში? იქნებ ესეც აგვიხსნან. ამისკენ გვიბიძგებენ, საკუთარი ქვეყნის დანგრევას გვთხოვენ იმით, რომ გვეუბნებიან, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეთ, ანუ დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ამას ითხოვენ პირდაპირ. ჩვენ ქვეყანას ვერ დავაგნგრევთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა, დღეს ვიზა პოლიტიკურ იარაღად აქციოს. ეს კიდევ მესამე დარღვევაა, როდესაც სავიზო პოლიტიკას იყენებ პოლიტიკურ იარაღად. ყველა ქვეყანას აქვს სავიზო სისტემა და მაშინ ახლა ჩვენ უნდა შემოვიღოთ ვიზა პოლონელი ჩინოვნიკებისთვის თუ რა ვქნათ, ასე ესკალაციაზე უნდა წავიდეს ყველაფერი?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელში 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის არის.
„ტექნიკური ჯგუფია საქართველოდან წარმოდგენილი, რომელიც გაივლის საკითხებს. რაიმე პოლიტიკური პრეტენზიები თუ აქვთ, ელაპარაკონ პოლიტიკოსებს. ეს საკითხები ტექნიკურ დონეზე ვერ განიხილება. პოლიტიკურ კითხვებზე პოლიტიკური პასუხები გვაქვს. საჯაროდ თქვან და ქართველ ხალხს უთხრან, სინამდვილეში რასაც ითხოვენ. ითხოვენ, რომ სანქციები დავუწესოთ რუსებს, ევროკავშირს კვლავაც ჰქონდეს შესაძლებლობა, ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში და ამის სანაცვლოდ გვთავაზობენ მარწყვს. როგორც რეგიონში დამკვიდრდა გამოთქმა, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.