ადრეც ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი და დაიწყეს კიდევაც ამის შესრულება, ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ და ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება, რასაც ქვეყანას უკეთებდნენ, ახლა ერთმანეთს უკეთებენ. დავაკვირდეთ და დავტკბეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ ამ კომედიას უნდა ვუყუროთ, როგორც „ცისფერ მთებს“. საერთო ჯამში, გვახარებს, რასაც ვხედავ იმ მხრივ, რომ გარე ძალები, რომლებიც ამ ახალს აორგანიზებს, იმდენად გონიერი არ არიან და ვერ თვლიან რაღაც საკითხებს და ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან. ის ცირკი, რასაც ვუყურებთ, ამ ხალხის უკან მდგომ ძალებზეც ხომ მეტყველებს. ბრიუსელში რომ დადიან და ამ ხალხს ქართველ ხალხად რომ აცხადებენ და მათი ინტერესების წარმომადგენლები არიან. სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში რომ დადიან, ამ ხალხს, პოლიტიკური ცირკის მსახიობებს რომ აცხადებენ ქვეყნის წარმომადგენლებად, ეს იმაზეც ხომ მეტყველებს, რა ხალხი ზის ბრიუსელში და ზოგიერთ დედაქალაქში, ამაზე დებენ ფსონს. 2024 წლის არჩევნებში ამათ არ დაუდგნენ გვერდში, ამათ მიეცით ხმაო, არ ამბობდნენ? რეზოლუციებს ამათი დაკვეთით და შეთანხმებით არ იღებენ? ქართველმა ხალხმა ესეც უნდა დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. მეორე საკითხიცაა, როდესაც ასეთ უმარტივეს საკითხებში ვერ არის გარკვეული ბრიუსელი და სხვა ძალები, რომლებიც ამათ უკან დგანან, წარმოგიდგენიათ, ამ ხალხს საერთაშორისო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა რომ ჩააბარო? ამიტომაც არის არეულობა დღეს სამყაროში, არის ომი დღეს უკრაინაში. ევროკავშირი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო, მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ დასავლეთის ქვეყნები და პოლიტიკოსები, ეს ომი არ იქნებოდა, რაც არაერთხელ ითქვა, მათ შორის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და სახელმწიფო მდივნის მხრიდან. ასეთ ხალხთან რომ გვაქვს დღეს საქმე და ასეთ ხალხს აბარია გლობალური უსაფრთხოება, ამიტომ არის არეული სამყარო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.