სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხ ხალხს 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მისი თქმით, სამთავიანი საომარი პარტია დამარცხებულია.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს მივულოცო სომხეთის რესპუბლიკის ხალხს 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში გამარჯვება. სომხეთის ხალხი დადგა სახელმწიფოს, დამოუკიდებლობის, მომავლის, მშვიდობისა და რესპუბლიკის დაცვის მხარეს. და უნდა აღვნიშნო, რომ ე.წ. ‘სამთავიანი ომის პარტია’ [იგულისხმება ბლოკები ‘ძლიერი სომხეთი’, ‘სომხეთი’ და პარტია ‘აყვავებული სომხეთი’, რომელმაც, წინასწარი შედეგებით, ასევე გადალახა საპარლამენტო ბარიერი] დამარცხდა.
ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა საბოლოო შედეგია, რადგან ჩემი აზრით, ხალხმა ნათლად გამოხატა ნება, რომ ეს ე.წ. ‘სამთავიანი ომის პარტია’ და მასთან დაკავშირებული ოლიგარქიული სისტემა უნდა აღმოიფხვრას სომხეთის რესპუბლიკიდან. ეს იქნება პოლიტიკური უმრავლესობისა და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა განვახორციელოთ დაუყოვნებლივ და მკაფიო, გადამწყვეტი ნაბიჯებით.
ასევე მინდა მივულოცო პარტია ‘სამოქალაქო კონტრაქტს’ გამარჯვება. „სამოქალაქო კონტრაქტს“ ექნება საპარლამენტო ძალაუფლება, უმრავლესობა ჩამოაყალიბებს მთავრობას და უახლოეს თვეებში გვექნება შესაძლებლობა ამ საკითხზე დეტალურად ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.