კვირას სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რომლის შედეგადაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში დარჩება და ზედიზედ მესამე გამარჯვებას მოიპოვებს. საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი საკითხები იყო სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების განზრახვა.
საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება 2 მილიონ 489 ათას 31 ადამიანს აქვს. კენჭისყრისთვის სომხეთის მთელ ტერიტორიაზე 2005 საარჩევნო უბანი შეიქმნა.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 18 პოლიტიკური სუბიექტი: 16 პარტია და 2 ალიანსი.
გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მეტი ამომრჩეველი, 32.4% მხარს დაუჭერს პარტია "სამოქალაქო კონტრაქტს", რომელსაც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს.
"სამოქალაქო კონტრაქტს" მოსდევს რუსეთში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენის სამველ კარაპეტიანის მხარდაჭერილი პრორუსული ალიანსი"ძლიერი სომხეთი". ამ პარტიამ გამოკითხვებში 16.4% მიიღო.
შემდეგ ადგილზეა მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, ბლოკი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერთ ქოჩარიანის ლიდერობით "სომხეთის ალიანსი", 15.2%-ით.
მას მოსდევს, ბიზნესენისა და პოლიტიკოსის გაგიკ წარუკიანის პარტია "აყვავებული სომხეთი", 8.8%-ით.
გამოკითხვებში 6.2%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა ყოფილი ომბუდსმენის არმან თათოიანის პარტიამ "ერთობის ფრთები".
არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ტარდება. პარტიებისთვის ბარიერი 4%-ია, ორი ან სამი პარტიის ბლოკებისთვის - 8%, ხოლო ოთხი ან მეტი პარტიის ფართო კოალიციებისთვის - 10%.
კონსტიტუციის თანახმად, სომხეთის პარლამენტი მინიმუმ 101 წევრისგან შედგება, თუმცა ადგილების საბოლოო რაოდენობა თითოეული არჩევნების შემდეგ განისაზღვრება. ოთხი ადგილი ოთხი უდიდესი თემის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი: იეზიდები, რუსები, ასირიელები და ქურთები.
ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარი შედეგების გამოცხადებას არჩევნებიდან მეორე დღეს გეგმავს, საბოლოო შედეგები კი არაუგვიანეს მეშვიდე დღისა იქნება მოსალოდნელი.
მიმდინარე არჩევნებმა შესაძლოა განსაზღვროს სომხეთის კურსი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
ფაშინიანის ხელმძღვანელობით ამჟამინდელმა მთავრობამ ევროპასთან დაახლოების სურვილი გამოთქვა. რუსეთმა, თავის მხრივ, გააფრთხილა სომხეთი ასეთი გადაწყვეტილების საფრთხეების შესახებ და სავაჭრო ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ.
მაისში ერევანში გაიმართა ევროკავშირ-სომხეთის მასშტაბური სამიტი, რომელსაც ესწრებოდნენ მრავალი ევროპული ქვეყნის ლიდერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.