აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული ოთხი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც ირანის სანაპირო რადიოლოკაციურ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
CENTCOM-ის ცნობით, დრონები რეგიონში საზღვაო ნავიგაციისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდნენ. საპასუხოდ, ამერიკულმა ძალებმა დაარტყეს ირანის სანაპირო რადარებს ქალაქ გორუკსა და კეშმის კუნძულზე, რათა თავიდან აეცილებინათ შესაძლო შემდგომი თავდასხმები.
ამერიკულ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამხედროები სრულ მზადყოფნაში რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან თავდაცვის მიზნით, ირანის მხრიდან ნებისმიერი „არაპროვოცირებული აგრესიის“ საპასუხოდ იმოქმედონ.
რეგიონში დაძაბულობის ახალი ზრდა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მოხდა, რომლებიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად, თუმცა პრაქტიკულად ჩიხშია შესული. ამერიკული მედიის ინფორმაციით, გასულ უქმეებზე შეთანხმების მიღწევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პროექტში ცვლილებების შეტანას ითხოვდა, რის შემდეგაც თეირანმაც განაცხადა, რომ დოკუმენტში საკუთარი შესწორებების შეტანას მოითხოვდა.
კერძოდ, დონალდ ტრამპი თეირანისგან მოითხოვს, რომ საბოლოო შეთანხმება ითვალისწინებდეს 60-დღიან ვადას ირანის მაღალგამდიდრებული ურანის განეიტრალებისა და გამდიდრების პროცესის დასრულებისთვის. თავის მხრივ, ირანი ამ ვადის 90 დღემდე გაზრდას ითხოვს.
მხარეებს შორის უთანხმოება არსებობს ასევე ირანის გაყინული მილიარდობით დოლარის აქტივების განბლოკვის მოცულობასა და ვადებთან დაკავშირებით. აშშ აცხადებს, რომ თანხების გათავისუფლება მხოლოდ შეთანხმების შესრულების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ მოხდება, მაშინ როცა ირანი გაყინული სახსრების ნაწილის დაუყოვნებლივ განბლოკვას მოითხოვს.
ამჟამად აშშ ირანის საზღვაო ბლოკადას აგრძელებს. თავის მხრივ, თეირანი კვლავ აფერხებს თავისუფალ ნაოსნობას ჰორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით 20% ხორციელდებოდა.