უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან რუსეთისა და უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის როლის საკითხი განიხილა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს უკრაინისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისთვის შესაძლო მოლაპარაკებების პერსპექტივებზე, ასევე ბოლო პერიოდში ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან გამართულ კონტაქტებზე.
„საუბარი მქონდა ანტონიო კოშტასთან. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის მხარდაჭერისთვის.
დეტალურად განვიხილეთ უკრაინისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისთვის მოლაპარაკებების პროცესის პერსპექტივები. ასევე, ვაცნობე ჩვენი ბოლო კონტაქტების შესახებ ევროპელ ლიდერებთან და ამერიკულ მხარესთან.
ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს, რომ ევროპა მოლაპარაკებების პროცესის ნაწილი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ევროპას ძლიერი ხმა და რეალური მონაწილეობა ჰქონდეს, ასევე განისაზღვროს, უშუალოდ ვინ წარმოადგენს ევროპას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ანტონიო კოშტასთან უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხიც განიხილა.
„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების კლასტერების გასახსნელად. ამასთან დაკავშირებით განვიხილეთ როგორც გრაფიკი ისე საჭირო კომუნიკაცია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.