ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ევროპა არ უნდა აჰყვეს კრემლის პროვოკაციებს და რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებში არ უნდა შევიდეს იმ დროს, როდესაც უკრაინა ომში უპირატესობას ინარჩუნებს.
მისი თქმით, მოსკოვი, სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს ცდილობს ევროპულ ქვეყნებთან კონტაქტების გააქტიურებას ეკონომიკური სირთულეების და სამხედრო წარუმატებლობების ფონზე, .
მინისტრის შეფასებით, პასუხი უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და არა მისთვის გამოსავლის პოვნაში დახმარება.
„ახლა არ არის საუბრის ან მოლაპარაკებების დრო. ახლა რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერების დროა“, - განაცხადა ცაჰკნამ.
მისი თქმით, აღნიშნული ვითარება პარალელურად ვითარდება იმ ფონზე, როცა აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა ჩიხშია შესული, ხოლო ვაშინგტონის ყურადღება ირანთან დაკავშირებულ მოვლენებზეა გადართული.
მინისტრის თქმით, ევროპა ძირითადად დარჩა დიპლომატიური პროცესების მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერის ხარჯების უფრო დიდ ნაწილს სულ უფრო მეტად სწორედ ის იღებს. მისივე თქმით, თეორიულად ეს შეიძლებოდა კონტინენტისთვის ინიციატივის აღების შესაძლებლობა ყოფილიყო, თუმცა მარგუს ცაჰკნა ასეთ მიდგომას „ძალიან სახიფათოდ“ მიიჩნევს.
„ჩვენ არც ისე დადებითად ვუყურებთ იმ იდეას, რომ ყველა მიიჩქარის მოსკოვში და სთავაზობს მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან რუსეთი სუსტდება. ახლა ამის დრო არ არის“, - აღნიშნა მან.
ცაჰკნას თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლებლობები ეწურება და დასავლეთის მიერ დაწესებული არაერთი სანქცია შედეგს უკვე იძლევა.
მან ასევე მიუთითა რუსეთში მზარდ უკმაყოფილებაზე - მათ შორის მობილური ინტერნეტის შეფერხებებსა და ეკონომიკურ კრიზისზე, ასევე 9 მაისს მოსკოვში გამართული სამხედრო აღლუმის შემცირებულ მასშტაბზე, რაც, მისი თქმით, რუსეთის მოწყვლადობაზე მიუთითებს.
„ტონი შეიცვალა. ყველა ხვდება, რომ ახლა რუსეთისთვის ზეწოლის გაძლიერების დროა. უფრო ფართო კონტექსტში ვხედავთ, რომ რუსეთი დღეს არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება“, - განაცხადა ცაჰკნამ.