უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიშინიოვში, სადაც გუშინ ვლადიმირ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, განაცხადა, რომ ეს ტრიბუნალი კრემლის ლიდერს საკუთარი ოცნების ასრულებაში და ისტორიაში შესვლაში დაეხმარება.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ ისაუბრა.
მისი თქმით, პარასკევს, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ სიბიჰას ოფიციალურად გადასცა იურიდიული დადასტურება, რომ 36 სახელმწიფო და ევროკავშირი შეუერთდნენ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის მმართველ კომიტეტს ქმნის.
სიბიჰას განცხადებით, ევროპისა და მსოფლიოს მორალური საფუძვლის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაული დაისჯება.
„ეს წარსულის საკითხი არ არის. ეს მომავლის საკითხია - საერთო სიმართლის, სამართლიანობისა და ნდობის სივრცის აღდგენის საკითხი. ეს ასევე ღირსების საკითხია. პუტინს ყოველთვის სურდა ისტორიაში შესვლა და ეს ტრიბუნალი მას ამაში დაეხმარება… პუტინმა, შოიგუმ, გერასიმოვმა, ბორტნიკოვმა, ზოლოტოვმა, მედვედევმა, პატრუშევმა, ლუკაშენკომ და სხვებმა დღეს ჰააგის ბილეთი მიიღეს“, - განაცხადა სიბიგამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გასული საუკუნეების განმავლობაში უკრაინამ გადაიტანა არაერთი სისასტიკე, ჩაგვრა, ოკუპაცია, მსოფლიო ომები, გენოციდები, სტალინური რეპრესიები, ჩერნობილი და სხვა დანაშაულები.
„და ჩვენ არასდროს - ხაზს ვუსვამ, არასდროს გვინახავს ნამდვილი სამართალი. სპეციალური ტრიბუნალი ამ მანკიერ წრეს გაარღვევს. ყოველი უდანაშაულოდ დაღუპული ადამიანის, ყოველი დანგრეული ცხოვრების და ყოველი დამსხვრეული ბედისთვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.