შეიძლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, შესაბამისად, სადაც ამის რისკი არსებობს, ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალი გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომელთან შეერთების განზრახვა 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს.
"როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინის მთლიანობას, სუვერენიტეტს, უკრაინელ ხალხს და ზოგადად არაერთი ქმედითი ნაბიჯიც გადავდგით მათ დასახმარებლად, საპირისპიროდ რაც მივიღეთ, ყველამ კარგად ვიცით.ის, რომ კონკრეტულ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი რეზოლუციები და მსგავსი სანქციები... ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ. მეტი რა ვთქვათ, რა თქმა უნდა არის რისკი უსაფრთხოების. მასე ვსაუბრობდით 2-3 წლის წინ, რატომ არ ვუერთდებოდით ჩვენ სანქციებს, როგორ ვხსნიდით? - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ-თქო და მემგონი ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ეს შეიძლება ასე მომხდარიყო. იგივენაირად გპასუხობთ ახლაც, რომ შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს, ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებებსაც ვღებულობთ", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. საქართველო შეთანხმებას არ შეუერთდა.