საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული რუსეთის ახალი მასშტაბური იერიში, რომელიც ყველაზე დიდი აღმოჩნდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ ამძიმებს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
„ეს სრულად ააშკარავებს იმ თვალთმაქცობას, რომლითაც რუსეთი ბოლო დღეებში მყიფე ზავზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით რუსეთი არა ძალას, არამედ სისუსტეს აჩვენებს: მას სამხედრო სფეროში გამოსავალი არ აქვს და არ იცის, როგორ დაასრულოს თავისი დამპყრობლური ომი“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და გააგრძელებს ძალისხმევას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.