გასულ ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა. კრასნოდარის მხარეში დაზიანდა მნიშვნელოვანი საპორტო ობიექტი.
რუსეთის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში, ტამანში რამდენიმე ადგილას უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები აღმოაჩინეს. დაშავდა ერთი ადამიანი.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია თემრიუკის რაიონის დასახლება ვოლნაში მდებარე საწარმოზე თავდასხმის შესახებ. შეტევის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე აღჭურვილობას ცეცხლი გაუჩნდა.
სწორედ იქ მდებარეობს რუსეთის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ობიექტი შავ ზღვაზე - კომპანია „ტამანნეფტეგაზის“ ტერმინალი, რომელიც ტამანის პორტში, ჟელეზნი როგის კონცხის მიმდებარედ ფუნქციონირებს.
ტელეგრამ-არხები წერენ, რომ შეტევის შემდეგ„ტამანნეფტეგაზის“ რეზერვუარების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი უშუალოდ პორტის ტერიტორიაზე, კერძოდ ნავთობისა და საწვავის რეზერვუარებში, რკინიგზის ლიანდაგების მახლობლად გაჩნდა.
ეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ჰაბია ენერგორესურსების ექსპორტისთვის, მას შემდეგ რაც ნაწილობრივ გადაიტვირთა ნაკადები ნოვოროსიისკიდან. აღნიშნული ტერმინალის გავლით გადის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მოცულობა, რაც, როგორც წერენ, რუსეთის სამხედრო დაფინანსებასაც უზრუნველყოფს.
ტერმინალის გამტარობა წელიწადში დაახლოებით 19,9 მილიონ ტონას შეადგენს. ობიექტის რეზერვუარული პარკის საერთო მოცულობა, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და თხევადი გაზის შესანახად გამოიყენება, 1 მილიონ კუბურ მეტრს აღემატება.
.