გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ჯარების გაყვანის შესახებ „მოსალოდნელი იყო“.
„ამერიკული ჯარების ყოფნა ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, ემსახურება როგორც აშშ-ის, ისე ჩვენს ინტერესებს“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მისივე განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ევროპაში, მათ შორის გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა. ბოლო ცნობებით საუბარია დაახლოებით 5 000-ზე იმ თითქმის 40 000 ამერიკელი სამხედროდან, რომლებიც ამჟამად გერმანიაში არიან განლაგებული.
პისტორიუსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავისი უსაფრთხოების გაძლიერებაზე და აღნიშნა, რომ გერმანია ამ მიმართულებით „სწორ გზაზეა“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა, რომ მომდევნო 6–12 თვის განმავლობაში გერმანიადან დაახლოებით 5 000 ამერიკელი სამხედრო გაიყვანოს.
მანამდე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი „ამცირებს“ აშშ-ს, როდესაც ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს და იწვევს ქაოსს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე.
ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მერცმა ირანიდან მომდინარე საფრთხე არასწორად შეაფასა.
"ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანს შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რაზე ლაპარაკობს! " - დაწერა რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა.